2014 წელს ნანატრი კამერა ვიყიდე - სრული ზომის, ე.წ. "ფულლ ფრეიმ" სენსორიანი Nikon D750 . მამაზეციერი ვერ დამარწმუნებდა, რომ ოდესმე უკან, ისევ "კროპ" (APS-C) კამერისკენ გავიხედავდი. მერე გავიდა ზუსტად 2 წელი. 2016 წლის ნოემბერში კვლავ ნანატრი კამერა ვიყიდე - ამჯერად APS-C სენსორიანი Nikon D500. და აი რატომ:
ეფექტური ფოკუსური მანძილი
უცნობი არავისთვისაა, რომ APS-C ფორმატის კამერაზე ობიექტივის ეფექტური ფოკუსური მანძილი კროპ ფაქტორ-ჯერ იზრდება. მაგალითად, 50mm ლინზის ეფექტური ფოკუსური მანძილი ნიკონის APS-C კამერებზე 75mm-ია (1.5x კროპ ფაქტორი). სპორტის ფოტოგრაფიაში კი ობიექტზე წვდომა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გავიხსენოთ სპორტის უცნობილესი ჰიპოთეტური ფოტოგრაფის ოქროს სიტყვები - "ხშირად თამაშის გადასაღებად რამე ფართე კუთხიანი ობიექტივიც დამაქვს, მაგალითად 70-200mm". დიახ, 200mm სპორტისთვის საკმაოდ ფართე კუთხედ ითვლება. რაგბის გადაღებისას, როცა ლელოს (ანუ სადაც ბურთს ამიწებენ) უკან ვზივარ, 200 მილიმეტრით მხოლოდ მაშინ ვიწყებ გადაღებას, როცა მოქმედება 22-მეტრა ხაზთან ან უფრო ახლოს ხდება (ანუ ჩემგან დაახლოებით 30 მეტრის რადიუსში). სხვა შემთხვევაში სურათის მნიშვნელოვანი მოჭრა (კროპი) მიწევს, რომ სასურველი კომპოზიცია მივიღო, რაც სურათის რეზოლუციაზე უარყოფითად აისახება. 200mm-ზე მეტი ფოკუსური მანძილის მქონე ლინზები ხშირად ჩვენს ბიუჯეტს სცდება. მაგრამ APS-C კამერით ჩვენი 200-იანი ლინზა უცებ გადაიქცევა 300-ად და უალლააა უკვე ლამის 10 მეტრიან ხაზამდე წვდები რაგბის მოედანს გადასაღებად!
ფასი
APS-C კამერები, როგორც წესი, უფრო იაფია, ვიდრე მათი უფროსი "ფულლ ფრეიმ" ძმები და დები. მაგრამ ფასმა არ მოგატყუოთ. ამ შემთხვევაში იაფი არ ნიშნავს მაინცდამაინც უარესს. მთავარია იცოდეთ რა გჭირდებათ თქვენ და აირჩიოთ კამერა, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. თუ გეჩვენებათ, რომ ბრტყელ-ბრტყელს (aka "რიჟას") ვლაპარაკობ, ადექით და იყიდეთ D5. წარმატებებს გისურვებთ. თუ არადა ჩაიკითხეთ ბოლომდე.
ელემენტის გამძლეობა
სხვა თანაბარ პირობებში* APS-C კამერის ელემენტი მეტ კადრს იღებს, ვიდრე ფულ ფრეიმი. სენსორის ზომის გამო APS-C კამერა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრიტანელ მეცნიერებს არ დაუდგენიათ, შეგიძლიათ მე მენდოთ სიტყვაზე, ან თავად გამოსცადოთ. ჩემი ორივე კამერა (D750 და D500) ერთსა და იმავე ელემენტს მოიხმარს და გამოცდილებით ელემენტი D750-ში უფრო მალე ჯდება, ვიდრე D500-ში.
* ერთნაირი ავტოფოკუსის, სტაბილიზაციის, ექსპოზიციის და Burst რეჟიმის გამოყენებისას
ლინზების მეტი არჩევანი (და უფრო იაფად)
APS-C კამერები თავსებადია როგორც FX ისე DX ობიექტივებთან, ხოლო ფულ ფრეიმ კამერებზე DX ლინზებს მხოლოდ კროპ რეჟიმში თუ გამოიყენებთ. შედეგად, APS-C კამერებზე ლინზების თითქმის ორჯერ დიდი არჩევანია და ფასიც უფრო ხელმისაწვდომია. მაგალითად, 18-200mm DX ლინზა $647 ღირს, ხოლო მისი ანალოგიური 28-300mm FX ლინზა კი $947. ესეც თქვენი $300 სხვაობა ერთსა და იმავე ეფექტურ ფოკუსურ მნაძილში.
პიქსელების ზომა და დეტალიზაცია
თანამედროვე APS-C კამერების უმეტესობა 24 მეგაპიქსელიან, ან მსგავსი გარჩევადობის სენსორს იყენებს. მაგრამ იგივე რაოდენობის პიქსელების მქონე ფულფრეიმ კამერესთან შედარებით APS-C სენსორში თითოეული პიქსელის ზომა უფრო პატარაა, რაც მეტი დეტალიზაციის აღბეჭდვის საშუალებას იძლევა. გარჩევადობა პიქსელების რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა მათ ზომაზე.
APS-C კამერის უარყოფითი მხარეები
პოსტის სათაურიდან გამომდინარე წესით უარყოფით მხარეებზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ მეც ხომ მინდა მშვიდი ძილი და სინდისთან მართლად ყოფნა? APS-C კამერების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ცუდ განათებაში ხმაურიანი სურათებია, სხვა თანაბარ პირობებში. ასევე, APS-C ზომის კამერების უმეტესობა ბოდიშიდა ნაგავია, რადგან სამოყვარულო DSLR-ებში სწორედ ამ ზომის სენსორებს ჩურთავს თითქმის ყველა მწარმოებელი. ამასთანავე, როგორც ავტოფოკუსის, ისე სხვა სენსორები უფრო დაბალი კალიბრის არის ხოლმე ფულ ფრეიმ კამერებთან შედარებით. მაგრამ ყველა მწარმოებელს აქვს ხაზში მინიმუმ ერთი წამყვანი APS-C მოდელი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მის ფულფრეიმ ძმებსა და დებს.
Pingback: Benefits of APS-C for Sports Photography | Levan Verdzeuli