Share

ფოტოშოფში სატურაციის სლაიდერთან თუ “შენობით” ხარ, მაშინ გილოცავ! შენი სურათები უწითლესი წითელი და უყვითლესი ყვითელი ფერებით ნამდვილად გამორჩეულია, ჩემპიონი ხარ! ოღონდ ახლა შეწყვიტე…

შეწყვიტე ფერების გადაწვა სურათებში, რადგან ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სატურაციის სლაიდერთან უგულო მოპყრობა უარყოფითად აისახება შენს სექსუალურ ცხოვრებაზე. გვინდა ახლა ჩვენ ეს?!

მაგრამ, ხალხს რომ მოსწონს (aka “ალაიქებს”) შენი გადამწვარი სურათები? მაინც შეწყვიტე! რადგან “მჭახე ფერები 2018”-ის  კვლევაში ნათქვამია, რომ “selective color”-ისა და HDR ეფექტის შემდეგ ფერების გადაწვა ბანძი სურათების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

ფოტოშოფში შესვლისთანავე ხელი თავისით გარბის სატურაციის სლაიდერისკენ? თავის მართლებას აზრი არ აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თუ დავუჯერებთ, ხელი საითაც გარბის, ყოველთვის თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, თორემ რა იცი რა მარცხი მოგივა ერთხელაც…

ცნობილი ფინური კომპნაიის RTSW-ს კვლევაში კი ნათქვამია, რომ ყველა, ვინც სატურაციის სლაიდერს 25 ნიშნულზე მაღლა სწევს, ამავდროულად “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველია (ხოლო 75-ზე მაღლა ვინც სწევს – თვით ნინო ბურჯანაძეა).

თუ თქვენით ვერ ანებებთ ფერების გადაწვას თავს, მინდა გაგახაროთ, რომ მალე ამოქმედდება დესატურაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც განათლების, სპორტის, კულტურის და კიდე ორი-სამი რაღაცის სამინისტრო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. დარიგდება ვაუჩერები და სატურაციის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას შეძლებთ ყველა სუპერმარკეტში.