Share

ოქსფორდის ლექსიკონს თუ დავუჯერებთ, ჰობი არის რეგულარული აქტივობა, თავისუფალი დროის გამოყენების გზა, რომელიც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას. ამ განმარტების მიხედვით, ბლოგის წერა ჩემი ჰობია, რადგან ა) რეგულარულად ვწერ, ბ) თავისუფალ დროს ვწერ და გ) წერისგან ვიღებ სიამოვნებას. ფოტოგრაფიაც ჩემი ჰობია, თუმცა ბოლო დროს მიჭირს ამის გადაჭრით თქმა. სად გადის ზღვარი ჰობისა და სამსახურს (work, job) შორის (თუ ასეთი ზღვარი საერთოდ არსებობს)? პასუხის ძიებაში ისევ ოქსფორდის ლექსიკონს მივაშურე, სადაც წერია, რომ სამსახური (work) არის აქტივობა, რომელიც მოითხოვს გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას შედეგის მისაღწევად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემთვის ფოტოგრაფია ამ განმარტებაში თავისუფლად ჯდება. რაც შეეხება სამსახურის (job) ოქსფორდისეულ განმარტებას, ეს არის რეგულარი დასაქმების პოზიცია, რომელიც არის ანაზღაურებადი. ფოტოგრაფიით რეგულარულად ვარ დასაქმებული (საკუთარი თავის მიერ) და დროდადრო ვიღებ ანაზღაურებასაც, ესეიგი ფოტოგრაფია ჩემი სამსახურიცაა. ერთი ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს, გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს, მე აქ ვარ თუ იქ?! ფოტოგრაფია ჩემი ჰობია თუ სამსახური? წინამდებარე ბლოგ პოსტში მინდა გავკადნიერდე და ჰობის ოქსფორდის განმარტება ჩემებურად გადავაკეთო. მაშ ასე, რა არის ჰობი?

hobby – An activity done regularly in one’s leisure time for pleasure (Oxford Dictionary)

იდეალური სამსახური

შესავლით დავიწყებ. ვფიქრობ, ყველას ოცნებაა, რომ საქმე, რაც გვიყვარს, რისი კეთებაც სიამოვნებას გვანიჭებს, იყოს ჩვენი შემოსავლის წყარო. ეს ის იდეალური შემთხვევა იქნებოდა, როცა ორშაბათს სამსახურში სიამოვნებით გავიქცეოდით და ყოველ დილით მაღვიძარაზე ადრე გაგვეღვიძებოდა. ახლა მოდით ამ მოცემულობას დავუმატოთ ერთი გარემოება – საქმე, რაც გვიყვარს, არც ისე რენტაბელურია და დაბალ შემოსავლიანი. მაგრამ ჰეი, ეს ხომ ისევ ის საქმეა, რაც შენ ასე ძალიან გიყვარს. ამიტომ დრო, რესურსები და ძალისხმევა არ უნდა დაიშურო მისთვის. მერე რა, თუ პარალელურად სხვა რამის კეთებაც გიწევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსებს მოუყარო თავი. სამაგიეროდ საკმარისი დრო გაქვს საყვარელი საქმისთვისაც და დროდადრო ამაში ანაზღაურებასაც გამოჰკრავ ხოლმე ხელს. არც ისე იდეალური, მაგრამ მაინც სასიამოვნო შემთხვევაა.

სად გადის ზღვარი?

რა ხდება მაშინ, როდესაც საყვარელი საქმიდან შემოსავლის მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია? უფრო მეტიც, იმისთვის, რომ საყვარელი საქმე აკეთო, გიწევს თავისუფალი დროის გამოყენება. იმ დროისა, რომელიც სხვა, ანაზღაურებადი საქმიანობის შემდეგ გრჩება. საერთოდაც, იმისთვის, რომ საყვარელი საქმე აკეთო, გიწევს ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და იქ გამომუშავებული ფულით საყვარელი საქმის დაფინანსება, რომლიდანაც არავითარი უკუგება ან ფინანსური სარგებელი არ გაქვს. ობიექტური იქნება თუ ვიტყვი, რომ ასეთი საქციელი საკმაოდ არარაციონალურია. სწორედ აქ გადის ზღვარი ჰობისა და სამსახურს შორის. ყოველთვის, როდესაც რამის კეთება-არკეთების გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვართ აპრიორში რაციონალურები, ესეიგი საქმე ეხება სამსახურს. საპირისპიროდ, როცა აქტივობა ეფუძნება ობიექტურად არარაციონალურ გადაწყვეტილებებს, თანაც გააზრებულად, ეს საქმე უეჭველად ჩვენი ჰობია. ვფიქრობ, რომ ანაზღაურება საერთოდ არ წარმოადგენს ცვლადს, ანუ მნიშვნელობა არ აქვს იღებთ თუ არა შემოსავალს რამე საქმიანობიდან. სამსახურს ვერ დაარქმევ მხოლოდ იმას, რაშიც იღებ ანაზღაურებას და პირიქით – ჰობი არ არის მხოლოდ ის, რასაც აკეთებ გასართობად და ანაზღაურების გარეშე.

მაშ ჰობი ყოფილა რეგულარული აქტივობა, როდესაც ადამიანი დროს, ფინანსურ და სხვა რესურსებს იყენებს არარაციონალურად და ამით იღებს სიამოვნებას.

რა გამართლება შეიძლება მოვუძებნო იმ ფაქტს, რომ სამსახურის შემდეგ ვბარგდები მანქანაში, ქალაქგარეთ მთელ ღამეს ღია ცის ქვეშ ვატარებ გადაღებაში, შემდეგ ვბრუნდები ქალაქში და გამოუძინებელი მივდივარ ისევ სამსახურში მომგევნო გადაღებამდე. ან იმას რა ლოგიკით ავხსნი, რომ დიდ ფინანსურ ვალდებულას ვიკიდებ რაგბისთვის საჭირო მორიგი ფოტოტექნიკის საყიდლად, როცა ვიცი, რომ ინვესტიციას სასრულ მომავალში უკუგება არ ექნება? არანაირი ობიექტური გამართლება არ აქვს, ამიტომაც არის ეს საქმე ჩემთვის ჰობი.

და ბოლოს, ამ პოსტით არ ვცდილობ ობიექტური ჭეშმარიტების შემოთავაზებას (თუკი საერთოდ არსებობს ასეთი რამე). როგორც ყველა სხვა ბლოგი, ესეც ავტორის სუბიექტური ნააზრევია, რომელსაც ალბათ იმდენი საპირისპირო აზრი გამოუჩნდება, რამდენიც მკითხველი ეყოლება. ვფიქრობ, რომ ჰობი, ისევე როგორც სამსახური, ძალიან საჭირო რამეა და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი ამ ორს შორის, ის იმდენად ბუნდოვანია, რომ ხშირად ძნელია გაარჩიო რა ჰობია და რა სამსახური.