Share

ფოტოგრაფის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი ჩანთაა. მას არამხოლოდ ფოტოტექნიკის შენახვის ფუნქცია აქვს, არამედ მისი უსაფრთხო ტრანსპორტირებაც ევალება. ჩანთა უნდა იყოს მოსახერხებელი, პრაქტიკული, ტევადი და მეტნაკლებად ლამაზიც.

ჩანთის არჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი შენახვა-ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებთ მას. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ჩანთა არ არის იდეალური, ყველა ვითარებაზე მორგებული. ამიტომ ხშირად ერთზე მეტის ყიდვა გვიწევს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც, რადგან ძნელია ერთ ჩანთას მოსთხოვო იყოს თან არც ისე დიდი, თან არც ისე პატარა, თან ძალიან უსაფრთხო, თან ლეპტოპიც ეტეოდეს, თან ლაშქრობაში წაღებაც არ დაგენანოს და სამსახურშიც არ შეგრცხვეს მისი გამოჩენა. ასე იყო თუ ისე, სალაშქროდ ცალკე ზურგჩანთის ყიდვა გადავწყვიტე, რადგან აქამდე სამხრე კომპაქტური ჩანთით დამქონდა ფოტოაპარატი ლაშქრობებში.

ასეთი ჩანთების არჩევანი გაცილებით მწირია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზომის/ფორმის/დანიშნულების ჩანთებში გვხვდება. როგორც Lowepro-ს დიდი ხნის მეგობარმა, თავდაპირველად სწორედ ამ ბრენდის ზურგჩანთა შევარჩიე - Photo Sport BP სერიიდან. გასული წლის ნოემბერში ეს ზურგჩანთა საჩუქრად მივიღე და რამდენიმე მოგზაურობაში უკვე მოვახერხე მისი გამოცდა.

მიუხედავად ჩანთის მაღალი ხარისხისა, სამწუხაროდ ეს ზურგჩანთა არც ისე ტევადი აღმოჩნდა, როგორც მე მჭირდებოდა. ამიტომ მომიწია სანაცვლო ზურგჩანთის ყიდვა და არჩევანი Manfrotto Off Road Hiker ზურგჩანთაზე შევაჩერე. ეს ჩანთა გაცილებით ტევადი და პრაქტიკული აღმოჩნდა, თუმცა მანფროტოსა და ლოვეპროს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობაა, რასაც ამ სტატიაში განვიხილავ. დავიწყოთ ჩანთების ძირითადი მახასიათებლების შედარებით.

ძირითადი მახასიათებლები

http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1733-1000x600.jpg
[table “” not found /]

ზურგჩანთების კონსტრუქცია

Lowepro

ზურგის კონსტრუქციას სიმყარე აკლია. არ აქვს მყარი ჩარჩო, რაც სალაშქრო ზურგჩანთის კვალობაზე ნაკლად უნდა ჩაითვალოს. როდესაც პირადი ნივთების სექცია (ზედა სექცია) ნივთებით არის სავსე, ჩარჩოს არარსებობის გამო ზურგჩანთა დეფორმირდება. გაუარესებულია წონის გადანაწილებაც.

Manfrotto

ზურგჩანთას აქვს მყარი ჩარჩო, რის გამოც წონა თანაბრად ნაწილდება და ჩანთა არ დეფორმირდება. საზურგე გამოყოფილია ჩანთიდან, რაც ვენტილაციას ზრდის (თუმცა არ ნიშნავს, რომ ზურგი საერთოდ არ დაგისველდებათ). ამ კომპონენტში მანფროტოს ნამდვილად აქვს უპირატესობა თავის კონკურენტთან.

http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1756-1000x667.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1759-1000x667.jpg

ფოტო სექცია

Lowepro

ფოტოაპარატის სექცია გვერდითა ელვიანი ჯიბით იხსნება, რაც მოსახერხებელია. დამატებით, ჯობეს გარედან აქვს მოსაჭიმი ღვედი, რაც პატარა ფოტოაპარატების ტრანსპორტირებისთვის შეიძლება მოსახერხებელი იყოს, რომ ჯიბე დაიპრესოს და ფოტოაპარატმა არ იმოძრაოს. სექციაში კომფორტულად ეტევა DSLR კამერა (ბუსტერის გარეშე) მიმაგრებული 24-105 მმ ლინზით და დამატებით 1 ლინზით ან ფლეშ განათებით, მაგრამ არ ეტევა იგივე კამერა ზედ მიმაგრებული 70-200 მმ f/2.8 ლინზით. შესაძლებელია ამ წყვილის ცალცალკე მოთავსება, მაგრამ მაშინ ყოველ ჯერზე თავიდან უნდა მიამაგრო ლინზა კამერას. უცნაურია, რომ ხაზში უდიდესი ჩანთაც კი არაა გათვლილი ამ პოპულარულ კომბინაციაზე. გარდა ამისა, ფოტოკამერის სექცია პერმანენტულად არის მიმაგრებული დანარჩენი ჩანთის კონსტრუქციას, ანუ შეუძელებელია მისი ამოღება და ზურგჩანთის ჩვეულებრივ ჩანთად გადაკეთება. ეს ნაკლი არ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა, ფოტოკამერის სექციის ჩანთისგან განცალკევება რომ შეიძლებოდეს.

Manfrotto

ლოვეპროს მსგავსად, ფოტოსექციის ჯიბე აქაც ელვიანია და გვერდიდან იხსნება. თუმცა სექცია გაცილებით დიდია და შესაძლებელია მისი განცალკევება დანარჩენი ჩანთისგან. მას აქვს სახელური და ძალიან ჰგავს სტანდარტულ მხარზე გადასაკიდ ჩანთას, თუმცა აკლია სამხრე ღვედი. სექცია ტევადია, თავისუფლად ეტევა DSLR კამერა ზედ დამაგრებული 70-200 მმ f/2.8 ლინზით, ასევე დამატებითი ლინზა და ფლეშ განათება. ბუსტერიანი კამერისთვის საკმარისი სივრცე არ არის, თუმცა ეს ნაკლები პრობლემა მგონია ამ ტიპის ზურგჩანთისთვის. სექცია წითელი ფერის ფაქტურითაა გაწყობილი. ვითომ არაფერი, მაგრამ უფრო მარტივია შიგნით პატარა ნივთების პოვნა და პირადად ვთვლი, რომ უფრო ლამაზიც არის.

ჯამში ფოტო სექცია მანფროტოს უკეთესი აქვს და აშკარად ჯობნის კონკურენტს როგორც ტევადობით, ისე ფუნქციურად.

http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1744-1000x667.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1711-1000x667.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/1420993868000_IMG_455805-500x500.jpg

სხვა სექციები

პირადი ნივთების სექცია

ორივე ზურგჩანთას ტევადი სექცია აქვს პირადი ნივთებისთვის, მაგრამ მანფროტო უფრო ტევადია. თუ თქვენი მიზანი კომპაქტურობაა, მაშინ ლოვეპრო ჯობს აირჩიოთ, მაგრამ სხვა მხრივ, მანფროტო უფრო ტევადია და ერთ-დღიანი ლაშქრობისთვის საკმარისზე მეტი სივრცეც აქვს პირადი ნივთების სექციაში.

გარე ჯიბეები

ორივე ჩანთას აქვს გარე გვერდითა ჯიბე წყლის ბოთლისთვის. მანფროტოს დამატებით აქვს დახურული გვერდითა ჯიბე, სადაც ალბათ რუკას ან რაიმე თხელ პირად დოკუმენტებს თუ შეინახავ. სიმართლე გითხრათ მაგ სექციის პრაქტიკულ დანიშნულებას ვერ ვხედავ. ორივე ჩანთას აქვს გარე ჯიბე წინა მხარეს - ლოვეპროს წელვადი მატერიის ღია ჯიბე, სადაც უცებ შეიძლება ჩააგდო თხელი საწვიმარი, ხოლო მანფროტოს აქაც ელვიანი დახურული ჯიბე აქვს, რომლის ტევადობაც ნაკლებია კონკურენტთან შედარებით.

წყლის რეზერვუარის სექცია

ამ კომპონენტში ლოვეპრო ჯობნის კონკურენტს, რადგან მანფროტოს ასეთი სექცია საერთოდ არ აქვს! ცხადია, ყველა არ იყენებს წყლის რეზერვუარს (როგორც არის "ქამელბეკი"), მაგრამ მომდევნო პუქნტის გამო აქ დიდ პლიუსს ვუწერ ლოვეპროს და მინუსს მანფროტოს.

შტატივის და სხვა გარე სამაგრები/ჯიბეები

ორივე ზურგჩანთას გარედან აქვს რეზინის ზონარი, რომელიც გათვლილია სალაშქრო ჯოხების და შტატივის მისამაგრებლად. ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე არეკლამებს ორივე ბრენდი. მწარმოებლის სურათებშიც კოხტად აქვთ შტატივები მიმაგრებული ამ ერთი ციცქნა რეზინუკებზე. მაგრამ, შეკაიკაცო, ვის ატყუებ რო ატყუებ? ადამიანი ერთხელ თუ მაინც ყოფილა ლაშქრობაში, კარგად ეცოდინება, რომ ეგეთი ერთი ბეწო რეზინით შტატივი კი არა, ფანქარი რომ მიამაგრო გარედან ზურგჩანთას, ისიც არაა რეკომენდირებული. ორივე ზურგჩანთის რეზინები ისეთია, რომ შეუძლებელია ზედ რამე მიამაგრო, და თუნდაც სწორ ზედაპირზე სიარულისას იმან არ იყანყალოს. საუბარი ზედმეტია ისეთ ვითარებაზე, როცა ხშირ ტყეში ან ტოტებში გიწევს სიარული. მაგ დროს აუცილებლად წამოსდებ შტატივს/სალაშქრო ჯოხს რამეს და ალბათ 1-2 შემთხვევის მერე სულაც აწყდება ეგ რეზინები. ლოვეპროს შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდად არის. იმის გამო, რომ ჩანთას არ აქვს ჩარჩო და მისი კონსტრუქცია მუდმივად დეფორმირდება, პრაქტიკულად აზრს მოკლებულია მაგ სამაგრებს მიანდო შტატივი ან სალაშქრო ჯოხები.

ნუ, სალაშქრო ჯოხებისთვის კიდევ ჰო, მაგრამ შტატივისთვის ეს რეზინები უბრალოდ არ გამოდგება. რა უნდა ქნა? სხვა ჯიბეების გამოყენება გიწევს შტატივის შესანახად. ამისთვის იდეალურია გვერდითა ჯიბე, სადაც წესით წყლის ბოთლი უნდა იდოს. ორივე ჩანთას გვერდით აქვს მყარი, რეგულირებადი ღვედები, რომლითაც, თუ შტატივის ფეხებს გვერდითა ჯიბეში მოათავსებ, შტატივის ზედა ნაწილს საფუძვლიანად დაამაგრებ ჩანთაზე.

იმის გამო, რომ ბოთლის ჯიბეს შტატივისთვის იყენებ, გიწევს წყლისთვის სხვა სათავსოების გამოყენება. სწორედ აქ აქვს ლოვეპროს უპირატესობა, რადგან მას წყლის რეზერვუარისთვის გამოყოფილი სივრცე აქვს და არ მოგიწევს პირადი ნივთების სექციის წყლის ბოთლით დაკავება.

http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1708-667x1000.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1725-667x1000.jpg

დანარჩენი დეტალები

ერთ-ერთი დიდი სხვაობა ამ ჩანთებს შორის ის არის, რომ მყარი კონსტრუქციის გარდა მანფროტოს ბრტყელი ძირიც აქვს, რაც საშუალებას გაძლევს ნებისმიერ შემთხვევაში დადო ზურგჩანთა ისე, რომ ის არ წაიქცეს და არ დაისვაროს. ლოვეპროს ჩანთის ძირზე პატარა სექცია აქვს საწვიმრისთვის, რაც ძირის დეფორმაციას იწვევს და ისედაც არამყარი კონსტრუქციის გამო პრაქტიკულად სულ წინა ან ზურგის მხარით გიწევს ჩანთის დადება.

საწვიმარი ვახსენე და უნდა ითქვას, რომ ორივე ზურგჩანთას მოყვება საკმაოდ კარგი საწვიმარი.

ორი სიტყვა მინდა ვთქვა წელზე სამაგრის შესახებაც. ორივე ჩანთას აქვს ჯიბეებიანი წელზე სამაგრი, რომელიც რეგულირდება მხოლოდ მუცლის მხარეს არსებული ღვედებით ისე, რომ სამაგრის ჯიბეების პოზიცია უცვლელი რჩება. იმის გამო, რომ ეს სამაგრები არც ისე დიდია, წელში დაგრეხვა გიწევს ჯიბეს რომ მიუდგე. ან რამდენიმე ნეკნი ამოღებული უნდა გქონდეს. ოდნავ უფრო უკეთესია მანფროტოს წელზე სამაგრი - უფრო დიდია და უფრო მარტივად მისადგომია ჯიბეები.

http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1759-1000x667.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1701-1000x667.jpg
http://verdzeuli.ge/wp-content/uploads/2017/03/LVN_1751-1000x667.jpg

შეჯამება

თავშივე ვთქვი, რომ იდეალური ჩანთა არ არსებობს და მერე ამ ზურგჩანთების შედარებითაც დავრწმუნდი ამაში. მიუხედავად იმისა, რომ "ცუდი" არც ერთი ჩანთა არ არის, იდეალურთან ახლოსაც არც ერთი არაა.

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მომხმარებელებთან კომუნიკაციის შედეგად და მათი საჩივრების გათვალისწინებით მანფროტოს მეტი შანსი აქვს გახდეს იდეალური სალაშქრო ზურგჩანთა. ჩემთვის ამ ეტაპზეც მანფროტო უფრო პრაქტიკულია და ჩემს საჭიროებებს შეესაბამება.

იმედია, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ სალაშქრო ფოტო ზურგჩანთის შერჩევაში და თქვენს ბევრ კითხვას უპასუხებს. საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც. თუ ვინმეს გაქვთ ეს ან სხვა სალაშქრო ფოტო ზურგჩანთები, დააფიქსირეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარის სახით ქვემოთ. ან თუ დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ. წარმატებულ და სასიამოვნო თავგადასავლებს გისურვებთ!