Share

ბევრ სხვა სირთულესთან ერთად ღამის ცის გადაღებას ისიც ართულებს, რომ ფოკუსის ზუსტად გასწორება ძნელია. არასაკმარისი განათების გამო ფოტოაპარატების ავტოფოკუსის სისტემები ღამით უმეტესად გამოუსადეგარია. თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ღამით ვარსკვლავების გადაღება, ალბათ ფოკუსირების პრობლემა თქვენთვის უკვე ნაცნობია. ამ ბლოგში რამდენიმე გზას გასწავლით, რასაც მე თავად ვიყენებ ღამის პეიზაჟების გადაღებისას.

ფოკუსი უსასრულობაზე

ბევრ ობიექტივს ფოკუსის შკალაზე დატანილი აქვს უსასრულობის ნიშანი, რაც, იდეაში, უსასრულო ფოკუსს უნდა ნიშნავდეს. თეორიულად მაინც. პრაქტიკულად კი ასე თითქმის არასდროს არის (რაც მე ლინზები გამიტესტავს, ყოველთვის ცდება). ზუმიან ლინზებში კი, სწორად რომც იყოს უსასრულობის მონიშვნა ლინზაზე, ფოკუსური მანძილის შეცვლასთან ერთად უსასრულო ფოკუსის წერტილიც შეიცვლება და ამ მონიშვნის აზრი პრაქტიკულად 0-ია. გამოუსადეგარია აგრეთვე ფოკუსის რგოლის ბოლომდე დატრიალებაც (როგორც წესი, უსასრულობის ნიშნის შემდეგაც არის მცირე მანძილი ფოკუსის რგოლის მოსაბრუნებლად). ამ შემთხვევაშიც არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ფოკუსი ზუსტად უსასრულობაზე იქნება მომართული.

სამაგიეროდ უსასრულობის ნიშანი თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ფოკუსირების საწყის წერტილად, რადგან ნამდვილი უსასრულობა მის გარშემო სადღაც ახლომახლოა ხოლმე.

მთვარეზე ან შორ განათებაზე გასწორება

თუ მთვარიანი ღამეა, ან საკმარისად დაშორებული განათებული ადგილი ჩანს ირგვლივ, ფოკუსის გასწორება გაცილებით მარტივია. საერთოდაც, შეგიძლიათ ავტოფოკუსი გამოიყენოთ. მთვარის განათება საკმარისზე მეტიც კია ლინზის უსასრულობაზე ფოკუსში მოსაყვანად. რამდენიმე გარემოება აქაც გასათვალისწინებელია:

  • თუ ზუმიან ლინზას იყენებთ, არ სცადოთ დაზუმებულზე დაფოკუსება და შემდეგ ასე მომართული ფოკუსის გამოყენებით ფართე კუთხით გადაღება. არ დაგავიწყდეთ, რომ ფოკუსი იცვლება ფოკუსური მანძილის ცვლილებასთან ერთად;
  • მთვარეზე ან შორს არსებულ განათებაზე ავტოფოკუსის გამოყენებისას, თუ საწყისი ფოკუსის აღების შემდეგ კომპოზიციას ცვლით, არ დაგავიწყდეთ გადაღებამდე ავტოფოკუსის რეჟიმის გამორთვა, რომ ახალი კომპოზიციის პირობებში ფოტოაპარატმა ფოკუსის ძებნა თავიდან არ დაიწყოს და სწორი ფოკუსი არ დაკარგოთ.

ვარსკვლავზე გასწორება

ღამის ცის გადაღებას ყოველთვის მთვარიან ღამეს ვერ (და არ) დაგეგმავთ. არც განათებული ქალაქი შეიძლება იყოს თქვენი ხედვის არეში. ასეთ დროს ფოკუსის გასასწორებლად ყველაზე მოსახერხებელი გზა რომელიმე კაშკაშა ვარსკვლავზე დაფოკუსებაა. ამისათვის თქვენი ფოტოაპარატი ეკრანზე “ლაივ” გამოსახულების გამოტანის ფუნქციით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ პროცედურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტოაპარატი მყარ შტატივზე შემოდგათ.

  1. გამორთეთ ავტოფოკუსი და ლინზა მომართეთ ხელით ფოკუსირების რეჟიმზე
  2. ფოტოაპარატი ჩართეთ “Live View”-ს რეჟიმზე
  3. მოძებნეთ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი (სულ ერთია რომელი) და კადრის ცენტრში მოათავსეთ
  4. გაადიდეთ ეკრანზე გამოსახულება იმდენად, რომ თვალსაჩინო იყოს ფოკუსის ცვლილება (100% ან 200% საკმარისია)
  5. ლინზის ფოკუსის რგოლი ატრიალეთ იქამდე, სანამ ვარსკვლავი მკაფიოდ არ მოვა ფოკუსში
  6. ეს საფეხური სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი: სანამ ეკრანზე გამოსახულება ისევ გადიდებულია, შეგიძილათ ლინზის ფოკუსის რგოლს დააკრათ მტკიცე წებოვანი ლენტი, რომ დააფიქსიროთ ფოკუსი. თუ ასე მოიქცევით, არის შანსი, რომ დაკვრისას ფოკუსი შემთხვევით გაგექცეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ეკრანზე აკონტროლოთ ლაივ გამოსახულება და დარწმუნდეთ, რომ ფოკუსი არ შეცვლილა.

ამ პროცედურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კომპოზიცია და დაიწყოთ გადაღება.

AAPOD

ეპილოგი

ზოგადი რჩევაა, რომ ღამის ცის გადაღებისას ფოკუსისთვის გამოიყენოთ სურათის ცენტრალური უბანი. განსაკუთრებული ჩაღრმავების გარეშე მოკლედ რომ ავხსნა რატომ არის ეს საჭირო, გეტყვით რომ დაკავშირებულია ფოკუსის ველის გამრუდებასთან (field curvature).

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები გამოგადგებათ ნებისმიერი ფოტოაპარატით და ნებისმიერი ლინზით გადაღებისას. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ საკუთარი ტექნიკის ან/და ბუნებრივი შეზღუდვები და უპირატესობები. მაგალითად, ტელეფოტო ლინზით ფოკუსირება გაცილებით მარტივია, თუმცა ის შეზღუდვა აქვს, რომ ვარსკვლავზე ფოკუსირებისას დედამიწის ბრუნვის გამო ეკრანზე გადიდებული ვარსკვლავი მალე გაგექცევათ ეკრანიდან/კადრიდან. ფართეკუთხიანი ლინზით ფოკუსირებისას ეს პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ ეკრანის იმავე ზომით გადიდებით დიდი კაშკაშა ვარსკვლავებიც კი საკმარისად არ გადიდდება, რომ უზუსტესას გაასწოროთ ფოკუსი.

მე კი ძალიან მიყვარს  ტექნიკურად უნაკლო სურათები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ფოტოგრაფიიდან სიამოვნების მიღებაც. ასე რომ ყოველთვის ბოლო პიქსელამდე ჩაყოლა სულაც არ არის საჭირო. HAPPY SHOOTING!