დღეს მოგიყვებით, თუ როგორ გადავიღე ირმის ნახტომის პანორამა, სადაც ჩვენი გალაქტიკა ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე სრულად ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ ღამის პანორამული გადაღების პირველი მცდელობა მქონდა. რატომღაც აქამდე აზრად არ მომსვლია ასე გადაღება. არადა ირმის ნახტომის სრულად კადრში ჩატევა ფართოკუთხიანი ლინზების უმრავლესობით შეუძლებელია (რამდენიმე თევზის თვალს აქვს 180 გრადუსი ხედვის კუთხე, ისიც დიაგონალზე). მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, დასაწყისისთვის, რა აპარატურა და პროგრამები გამოვიყენე:
აღჭურვილობა:
- ფოტოაპარატი: Nikon D750
- ლინზა: Rokinon 14mm f/2.8
- შტატივი: Oben AC 1300 + Oben BA-00 ბურთულიანი თავაკი
- პულტი: Vello FreeWave wireless
სურათების დამუშავება:
- Adobe Lightroom
- Microsoft ICE (Image Composite Editor) – პანორამის ასაწყობად
გადაღების ადგილი
ამაზე ბევრს აღარ დავწერ, რადგან ბლოგზე უკვე მაქვს სტატია ღამის ფოტოგრაფიაზე, სადაც გადაღების ადგილის შერჩევაზე ვრცლად მიწერია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ეს პანორამა საგარეჯოსთან ახლოს გადავიღე, სადაც საოცრად ბნელი ცა და გადაღებისთვის იდეალური ადგილია.
პროცესი
მე ყოველთვის ასე ვიქცევი: სანამ ძირითად გადაღებას დავიწყებდე, “გასახურებელ” კადრებს ვიღებ, რაც მარტივ მიზანს ემსახურება. ერთის მხრივ, ვამოწმებ აპარატის პარამეტრების სისწორეს (თავიდან ყოველთვის მავიწყდება რაღაც), მეორეს მხრივ კი – ვარჩევ ოპტიმალურ კომპოზიციას. როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი მზად მაქვს, ვიწყებ გადაღებას.
გასათვალისწინებელია გალაქტიკის პოზიცია – თუ ის ჰორიზონტთან ახლოსაა, არც ისე კარგად ჩანს. თუ ზენიტშია, მაშინ პანორამისთვის შეიძლება რამდენიმე ზოლად მოგიხდეთ გადაღება (დამოკიდებულია ხედვის კუთხეზე, ანუ სენსორის ზომასა და ლინზაზე). როცა მე გადაღება დავიწყე, გალაქტიკა დაახლოებით 45 გრადუსზე იყო ამოსული და მთელი პანორამა 7 ჰორიზონტალური კადრისგან ავაწყე.
კარგი პანორამის გადასაღებად მნიშვნელოვანია, ყოველი მომდევნო კადრი წინას მინიმუმ 40%-ს იმეორებდეს. თუ პანორამისთვის რამდენიმე ზოლად იღებთ სურათებს, იგივე წესი უნდა დაიცვათ სურათის მარჯვნივ/მარცხნივ და ზევით/ქვევით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანაკვეთა თანაბრად იყოს დაცული ყველა კადრში. იმის გამო, რომ მე პანორამისთვის გათვლილი შტატივის თავაკი არ მაქვს, ორ კადრს შორის ეს დაშორება თანაბრად ვერ დავიცავი, რის გამოც დიდი წვალება დამჭირდა მოგვიანებით პანორამის აწყობის და დამუშავებისას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – კადრებს შორის დროის ინტერვალი სასურველია იყოს მინიმალური, რათა გალაქტიკის პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს სურათის ერთი კიდიდან მეორემდე. თუ თავიდანვე კარგად მოემზადებით და “გასახურებელ” კადრებსაც გადაიღებთ, წესით პანორამის გადაღება კონვეიერივით წავა და ინტერვალი კადრებს შორის არ გექნებათ.
ქვემოთ იხილეთ ის შვიდი სურათი, რომლებისგანაც ავაწყე პანორამა. სურათები დაუმუშავებელია. ყველა კადრი ერთნაირი პარამეტრებით არის გადაღებული:
RAW data: ISO3200 14mm f/2.8 20.0 Sec. manual white balance @ 3100 K
დამუშავება
სურათების დამუშავების ჩემი ტექნიკა ასეთია: ვიწყებ ერთი სურათის დამუშავებას ძირითადი პარამეტრების კორექციით, როგორიცაა დისტორცია, ვინიეტირება (და ლინზასთან დაკავშირებული სხვა კორექციები), ხმაურის შემცირება, ფერთა ბალანსი, ექსპოზიცია, კონტრასტი. ამის შემდეგ ამ მოდიფიკაციებს ვაკოპირებ დანარჩენ სურათბზე. ამგვარად დროს მნიშვნელოვნად ვზოგავ.
შემდეგი ეტაპი არის თითოეული სურათის ინდივიდუალურად დამუშავება. ამ დროს ვიყენებ წერტილოვან კორექციებს, რომ გალაქტიკა სურათზე გამოკვეთილი იყოს. უმეტესად ვზრდი კონტრასტს და მცირედით ვანათებ გალაქტიკას.
ამის შემდეგ სურათები გადავიტანე უფასო და მარტივ აპლიკაციაში (MS ICE) პანორამის ასაწყობად. ვისაც ფოტოშოფი ან სხვა აპლიკაცია გაქვთ, იგივე ან უფრო მეტი წარმატებით შეძლებთ პანორამის აწყობას.საბოლოოდ სურათმა ასეთი სახე მიიღო:
სურათი Flickr-ზე 16 მაისის explore-ში მოხვდა და 100-ზე მეტი ადამიანის ფავორიტი გახდა.
UPDATE: სურათი ასევე გახდა რჩეული მოყვარულ ასტროფოტოგრაფთა საიტზე AAPOD
ასე განსრულდა ამბავი ესე ირმის ნახტომის პანორამისა.
არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, კრიტიკა და კომენტარები. საერთოდაც, გამოიწერეთ ამ ბლოგის სიახლეები და მიიღეთ შეტყობინება ახალი სტატიების შესახებ, თუმცა არაფერს გპირდებით, მარტო ვმუშაობ და რავიცი როდის იქნება მომდევნო.
Pingback: ფოტოშოფია? | ვერძეულის ბლოგი
ყველა რაც არის მანდ ფოტოშოპშია აწყობილი. გომბორის პანორამა canon 1100 d – თი მგონი.
ფოტოშოფი გაცილებით კარგი აპპია, ორი აზრი არ არის. თუმცა დიდ რესურსს მოიხმარს და ჩემი მიზნებისთვის უმეტესად ლაითრუმიც მყოფნის. თანაც პანორამებს იშვიათად ვიღებ, როგორც სტატიაშიც ვთქვი
ხო ფოტოშოპით პანორამის აწობას დიდი რესურსი უნდა
https://backi.wordpress.com/2014/07/06/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%98/
გომბორის პანორამა? საინტერესოა… რითი გადაიღე და ააწყე პანორამა?
და photoshop – ით რატო არ გააკეთე ?
გამარჯობა. ფოტოშოფი უბრალოდ არ მაქვს. მხოლოდ ეს არის მიზეზი
თურმე როგორ ხდება ასეთი შედეგის მიღება 🙂 ძალიან მაგარი სურათია, მეც მომეწონა! და კარგი სტატიაა 😉
მადლობა, რომ მოგეწონა! სურათიც და სტატიაც 🙂