ერთ-ერთ წინა პოსტში გიყვებოდით ციფრული ფოტოაპარატებისა და მტვრის მეგობრობაზე. ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავწმინდე ჩემი ანტიკვარი Nikon D100-ის სენსორი მტვრისა და ლაქებისგან.
ეს აპარატი რამდენიმე თვის წინ შევიძინე adorama.com-ზე მეორადებში. თუ ნიკონის მოდელების ქრონოლოგია არ იცით, გეტყვით, რომ D100 2002 წელს გამოვიდა ბაზარზე და 2005 წლამდე იწარმოებოდა. შესაბამისად, კარგ შემთხვევაში 10 წლის ნახმარი ფოტოაპარატი შევიძინე. არ გამკვირვებია, როცა მისი სენსორი საკმაოდ მტვრიანი აღმოჩნდა. აი, ქვემოთ სურათში კარგად ჩანს, თუ როგორი დასვრილი იყო მისი სენსორი
ბევრი კითხვის და ვიდეო-გაკვეთილების გაზეპირების შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და სენსორის საწმენდი საშუელებები გამოვიწერე. თუ თქვენც გადაწყვეტთ, აუცილებლად დაგჭირდებათ:
- “ოყნა”, იგივე RocketBlower
- სენსორის საწმენდი “შვაბრა”
- სენსორის საწმენდი სითხე
აქვე უნდა გითხრათ, რომ სენსორის საწმენდი სხვადასხვა საშუალება არსებობს. მე სენსორის სველი წმენდა ვცადე. ეს მეთოდი საკმაოდ რისკიანია და თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გარისკვა გინდათ, უბრალოდ იცხოვრეთ მტვერთან ერთად იდილიაში. მით უმეტეს, რომ მტვერი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოჩნდება თქვენს სურათებზე.
სანამ უშუალოდ წმენდის პროცედურაზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებოდა სენსორი გაწმენდამდე:
საბედნიეროდ, მტვრის მოცილება ადვილია; საუბედუროდ, ცხიმი ძნელად შორდება. შავი წერტილები, რასაც ხედავთ, მტვერია.
პირველ რიგში, შეამოწმეთ აქვს თუ არა თქვენს აპარატს ფუნქცია – სენსორის ავტომატური წმენდა. ამ დროს აპარატის სენსორი ვიბრაციის საშუალებით თავისით იშორებს მტვერს. თუ გაგიმართლათ და ამ გზით მთელი პრობლემა მოგვარდა, ბედნიერი ბრძანდებით. თუარადა, მაშინ განაგრძეთ კითხვა.
მზადება
როცა ზემოთ ჩამოთვლილ საწმენდ საშუალებებს მოიმარაგებთ, კარგად დაიბანეთ ხელები, შეარჩიეთ მტვრისგან დაცული ოთახი, ჩარაზეთ ფანჯრები, არავინ შემოუშვათ ოთახში და თქვენც ქარიშხალს ნუ დაატრიალებთ.
შეამოწმეთ, რომ ფოტოაპარატის ელემენტი ბოლომდე იყოს დატენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება აპარატის სარკე დააზიანოთ.
გაწმენდა “ოყნით”
მოხსენით ფოტოაპარატს ლინზა. ამ დროს თქვენ დაინახავთ აპარატის სარკეს. მენიუში იპოვეთ “სარკის აკეცვა” ანუ mirror lock-up და გაააქტიურეთ ეს ფუნქცია. ამის შემდეგ როგორც კი გადაღების ღილაკს დააჭერთ, სარკე აიკეცება და სენსორს დაინახავთ.
აიღეთ ოყნა, აპარატი დაიჭირეთ ისე, რომ სენსორი იატაკს უყურებდეს. ოყნით დაბერეთ ჰაერი სენსორს რამდენჯერმე. გათიშეთ აპარატი, რაც სარკეს დაკეცავს და სენსორი ისევ დაიმალება. შეამოწმეთ, მოაშორა თუ არა ჰაერის დაბერვამ მთელი მტვერი. ჩემს ჩემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ნაწილაკის მოშორება შევძელი:
თუ ოყნამ არ უშველა პაციენტს, მაშინ სველ წმდენაზე უნდა გადახვიდეთ. ეს ყველაზე სარისკო ნაწილია. აიღეთ “შვაბრა” და ზედ დააწვეთეთ 2 წვეთი საწმენდი სითხე. ეს სითხე თანაბრად უნდა გაანაწილოთ შვაბრაზე.
სველი წმენდა
ამის შემდეგ ისევ “სარკის აკეცვის” ფუნქციით გამოაჩინეთ სენსორი და შვაბრით ნაზად გაწმინდეთ. 2-ჯერ ან 3-ჯერ გადასმა საკმარისია. არ დაატანოთ ძალა. ამის შემდეგ დახურეთ სარკე და შეამოწმეთ კიდევ ერთხელ – გაწმენდილია თუ არა სენსორი. აი, ჩემი შედეგი:
მე შედეგით კმაყოფილი ვარ. სენსორი თითქმის ახალივითაა და მხოლოდ ერთი ცალი მტვრის ნაწილაკი დარჩა. ჩემთვის სრულებით მისაღებია.
Pingback: For Sale – ჩემი ფოტოტექნიკა (განახლებული კომპლექტები) | ვერძეულის ბლოგი
Pingback: For Sale – ჩემი ფოტოტექნიკა | ვერძეულის ბლოგი
ტესტ