ციფრულ დროში ფოტოგრაფები ვინტიჟური სურათების გადაღებას ძველი ობიექტივების გამოყენებით ცდილობენ. ხშირია ე.წ. „ზენიტის ლინზების“ მორგება ქენონის ციფრულ ფოტოაპარატებზე. მაგრამ, ალბათ შეგინიშნავთ, რომ იგივე ზენიტის ლინზებს ნიკონის ფოტოკამერებზე იშვიათად შევხვდებით. ამ ფაქტს ნიკონის მფლობელთა გემოვნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მიზეზი მხოლოდ ტექნიკურია. ვეცდები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვე პრობლემებს, რაც ობიექტივების სხვადასხვა სისტემებთან თავსებადობას სდევს თან.
ობიექტივი ფოტოაპარატის კორპუსს ლინზის სამაგრზე (ფოტოაპარატის მექანიკური და ელექტრონული ნაწილი) უერთდება. გვხვდება სხვადასხვა ტიპის სამაგრები. თანამედროვე ფოტოაპარატებში ყველაზე გავრცელებულია ბაიონეტის ტიპის სამაგრი, რაც ობიექტივისა და მისი ელექტრონული კონტაქტების უზუსტესი განლაგების საშუალებას იძლევა, რათა ობიექტივი და ფოტოაპარატის კორპუსი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და სინქრონულად იმუშაონ. მწარმოებლები ერთმანეთისგან განსხვავებულ ბაიონეტებს იყენებენ, როგორც ფორმით, ისე ზომით. ამის გამო მათი ობიექტივები ერთმანეთთან პირდაპირ თავსებადი არ არის, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამხმარე მოწყობილობებითაც კი შეუძლებელია.
მკვეთრი გამოსახულების მისაღებად საჭიროა ობიექტივი ფოკუსში მოვიდეს. ვეცდები, მარტივად ავხსნა, ტექნიკურად ეს როგორ ხდება: ობიექტივი მაში შემოსულ სინათლის სხივებს გარდატეხს და მეორე მხრიდან უშვებს ისე, რომ ისინი საფოკუსე ველზე ერთად შეიკრიბონ. სწორედ ამ კონკრეტულ სიბრტყეზეა გამოსახულება მკვეთრი, ანუ სურათი ფოკუსში. თუ საფოკუსე ველი ზუსტად არ დაემთხვა სენსორის (ან ფირის) ზედაპირს, მკვეთრ გამოსახულებას ვერ მივიღებთ, ანუ სურათი იქნება უფოკუსო. რეგისტრი (ინგლისურად ასევე Flange Focal Distance) ეწოდება მანძილს ობიექტივისა და კამერის მიერთების სიბრტყიდან სენსორამდე (ან ფირამდე). ეს მანძილი სხვადასხვა სისტემის კამერებში ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი რეგისტრის მქონე ობიექტივი სხვა რეგისტრის ფოტოაპარატზე ფოკუსში ვერ მოვა. რეგისტრი, როგორც წესი, იზომება მილიმეტრებში, მილიმეტრის მეასედის სიზუსტით. მცირედი წანაცვლების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება მკვეთრი სურათის მიღება.
როგორც ზემოთ ვთქვი, ბაიონეტები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და ზომით. ამიტომ, სწორედ ესაა პირველი სირთულე, რასაც ვაწყდებით ერთ ბაიონეტზე გათვლილი ლინზის სხვა ბაიონეტზე მორგებისას. პრობლემას მარტივად აგვარებს ადაპტერი, რომელსაც ორი განსხვავებული ბაიონეტი აქვსი წინა და უკანა მხარეს. ადაპტერი ობიექტივსა და ფოტოკამერის ბაიონეტს შორის დგება ისე, რომ შესაბამისი მხარეები თავსებადი ბაიონეტებისკენ იყოს მიმართული. ამგვარად, ობიექტივის ფოტოაპარატზე დამაგრების პრობლემა გადაჭრილია. აღსანიშნავია მხოლოდ ერთი – უფრო მარტივია ადაპტერის შექმნა იმ კამერის სისტემისთვის, რომლის ბაიონეტის დიამეტრიც უფრო დიდია.
გაცილებით დიდი პრობლემაა ობიექტივის ფოკუსში მოყვანა. იმისათვის, რომ ობიექტივისთვის შეიქმნას ადაპტერი, რომელიც უსასრულობაზე ფოკუსირების საშუალებას [მაკორექტირებელი ოპტიკის გარეშე] მოგვცემს, იმ ბაიონეტის რეგისტრი, რომლისთვისაც ეს ობიექტივია შექმნილი, უნდა აღემატებოდეს იმ სისტემის/კამერის რეგისტრს, რომელზეც გვინდა გამოვიყენოთ აღნიშნული ობიექტივი. მაგალითად, საბჭოთა წარმოების ზენიტის ობიექტივები გათვლილია 45.46 მილიმეტრის რეგისტრზე (M42 ), ხოლო ქენონის ციფრული ფოტოაპარატების (Canon EF) რეგისტრი 44 მილიმეტრია. ამის გამო ზენიტის ლინზების გამოყენება ქენონის ფოტოაპარატებზე შესაძლებელია პრიმიტიული ადაპტერის გამოყენებით, რომლის ერთი მხარეც ხრახნიანია (M42-სთვის), ხოლო მეორე მხარე ქენონის ბაიონეტისაა (Canon EF). რაც შეეხება ნიკონს (Nikon F), მისი რეგისტრი 46.5 მილიმეტრია, ანუ მეტია M42-ის რეგისტრზე, ამის გამო ზენიტის ნიკონზე ადაპტერს საჭიროა ჰქონდეს მაკორექტირებელი ოპტიკური ელემენტი, რათა ობიექტივი ნიკონზე ფოკუსში მოვიდეს. ასეთი ადაპტერები, უპირველესად, უფრო ძვირია და, ამავდროულად, დამატებითი ოპტიკური ელემენტი აუარესებს გამოსახულების ხარისხს.
M42 ლინზებით და ქენონის ციფრული კამერით გადაღებული სურათები დაათვალიერეთ ოლია პაპასკირის ფლიკრზე
You must log in to post a comment.