Share

ქართულ სალაპარაკო ენაში დამკვიდრებულია რამდენიმე სიტყვა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის ან პროდუქტის დასახელება იყო, ახლა კი მნიშვნელობა დაიმატა ან სულაც ზმნის ფუნქციაც შეითავსა. მაგალითად ავიღოთ სიტყვა “დაქსეროქსება”. ქსეროქსი ასლის გადამღები აპარატების მწარმოებელი კომპანიის სახელია, თუმცა ჩვენს სალაპარაკო ენაში იგი, ზოგადად, ასლის გადაღების მნიშვნელობით იხმარება, ხშირად – ზმნადაც (დაქსეროქსება). ასევეა “პამპერსი”, “ბოტასი”, “პოლაროიდი” დაა “ფოტოშოფი”. ამ უკანასკნელზე მინდა ორი სიტყვა დავწერო, რადგან, ამ ბოლო დროს, ჩემს ასტრო სურათებზე ძალიან ხშირად მეკითხებიან – ფოტოშოფია?

“ფოტოშოფი” სალაპარაკო ქართულში დამკვიდრდა, როგორც სურათის დამუშავების სინონიმი. თუმცა დამუშავება სრულად არ აღწერს იმ აზრს, რასაც მთქმელი სინამდვილეში გულისხმობს კითხვისას “ფოტოშოფია?”. სინამდვილეში მისი ინტერესის საგანია, გაარკვიოს, წინამდებარე სურათი მიღებულია თუ არა კომპოზიტური დამუშავებით, შეწებებით, ისეთი ობიექტების დამატებით სურათზე, რაც თავდაპირველ (დაუმუშავებელ) კადრში არ იყო, ან თავდაპირველ (დაუმუშავებელ) კადრში არსებული ობიექტების გაქრობით, რაც ცვლის კომპოზიციას და ჯამში – სურათის აღქმას.

ფოტოშოფია?

ფოტოშოფი Adobe-ს პროგრამების ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია და არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტორედაქტორი. თუმცა ის ერთადერთი არ არის და არსებობს უამრავი სხვა პროგრამა, მათ შორის იმავე Adobe-ს “წარმოების”, რომლებიც გამოიყენება სურათების დასამუშავებლად. ფოტოშოფი გამოიყენება ციფრული გამოსახულებების დასამუშავებლად და მანიპულაციებისთვის ფოტოგრაფების, დიზაინერების, ვიდეოგრაფების და 3დ სპეციალისტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოშოფში სურათბის მსუბუქი კორექციაც შესაძლებელია, ამ პროგრამის მთავარი ხიბლი კომპოზიტური დამუშავების ძრავია (როგორც ზემოთ განვმარტე). ფოტომანიპულაცია არსებობდა ფოტოშოფამდეც (იხ. სურათები ქვემოთ), მაგრამ ჩვენში ფეხი ფოტოშოფის ძალით მოიკიდა.

სტალინ სტალინ2

და რადგან უკვე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა ზოგადად ამ ტერმინზე, ახლა მინდა ვუპასუხო კითხვებს – არის თუ არა “ფოტოშოფი” ჩემი ღამის/ასტრო სურათები. პასუხს იმით დავიწყებ, რომ ამ პოსტის წერისას პროგრამა ფოტოშოფი ჩემს კოპიუტერში საერთოდ არ მაქვს. ვიყენებ Adobe Lightroom-ს სურათების დასამუშავებლად. დიახ, ღამის და ასტრო სურათები დამუშავებულია, მაგრამ არა, ასტრო სურათები არ არის დაფოტოშოფებული – ანუ სურათებზე არაფერი მაქვს მიმატებული ისეთი, რაც დაუმუშავებელ კადრში არ იყო. ღამის და ასტრო სურათების დამუშავების ძირითადი მიზანი ჰისტოგრამის “გაწელვაა”, რადგან დაუმუშავებლად სიგნალი ჰისტოგრამის მარცხენა კუთხეშია თავმოყრილი და გაწელვის გარეშე მალევიჩის ცნობილი ნახატის დარ სურათს მივიღებთ. ირმის ნახტომის ერთ-ერთი სურათის დამუშავებაზე ვრცლად სტატიაც დავწერე (როგორ გადავიღე ირმის ნახტომის პანორამა), სადაც დაუმუშავებელი და დამუშავებული სურათები გვერდიგვერდ შეგიძლიათ ნახოთ. ეს კი აქ, თვალსაჩინოებისთვის:

იმედია, დავაკმაყოფილე მკითხველის ცნობისმოყვარეობა სურათების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მადლობაც კი უნდა ვუთხრა კითხვის ავტორებს, მუზა მაპოვნინეს 2-თვიანი პაუზის შემდეგ.