Share

სალაშქრო სეზონის დაწყებასთან ერთად ერთი აქტუალური და სამწუხარო თემა მინდა განვიხილო. ლაშქრობის პოპულარიზაციის თანმდევ პრობლემებზე ადრეც დავწერე, ახლა კი ერთ კონკრეტულ თემაზე  მინდა შევჩერდე – გარემოს დანაგვიანება. ცნობილი ამბავია, რომ ქართველს ბუნწიაღში ჭამა-სმა ყველაფერს ურჩევნია. ასევე ფაქტა, რომ ბუნწიაღიდან ნაგვის უკან წამოღება ბევრს ავიწყდება (ჩავთვალოთ, რომ ავიწყდება). უკეთეს შემთხვევაში პოლიეთილენს და სხვა მისთანა ნაგავს კი აგროვებენ, მაგრამ იქვე ტოვებენ ორგანულ ნარჩენებს – საზამთროს ქერქებს, ნარჩენ პურს, ქაღალდის ხელსახოცებს და ა.შ. საუბედუროდ დანაგვიანების პრობლემა “საქეიფოდ მიუწვდომელ” ადგილებშიც გაჩნდა. არ დამავიწყდება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერის თავზე ნანახი სურათი – როგორ იყო დაგროვებული ნაგავი და თანაც უკვე კარგად დატკეპნილი. ასეთი მდგომარეობა უკვე ბევრგან გვხვდება. ალბათ გაგახსენდებათ დაბინძურებული ტობავარჩხილის სურათებიც. მე პირადად არცთუ ისე ცოტა მიფიქრია ნაგვის თემაზე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ რაც ვიცი და როგორც მე ვიქცევი.

დაბინძურება თუ დანაგვიანება

დასაწყისისთვის, გთავაზობთ, განვასხვავოთ ერთმანეთისგან დაბინძურება და დანაგვიანება. დაბინძურება ჩემთვის იმ სახის დანაგვიანებაა, როცა ბუნების წიაღში ვტოვებთ გარემოსთვის საზიანო ნარჩენებს (მაგალითად პოლიეთილენი). დანარჩენი ყველა ორგანული ნარჩენის დაყრას, რომლის გახრწნასაც დიდი დრო არ სჭირდება (ხილი, ქაღალდი) მე დავარქმევდი დანაგვიანებას და ესეც პრობლემად მიმაჩნია. ერთი შეხედვით ცუდი არაფერია იმაში, თუ გარემოს ნეშომპალას შევმატებთ. მაგრამ მოდით ასე შევხედოთ საქმეს – როდესაც ჩვენს დატოვებულ ნაჭამ ვაჭლებს მეორე დღეს სხვა მოლაშქრე მიადგება, მისთვის ის უბრალოდ ნაგავია და არა მომავალი ნეშომპალა.

შემხვედრია ასეთი მოწოდებები ზოგიერთი მოლაშქრე საზოგადოების მხრიდან – “დატოვე შენი კვალი”. ვფიქრობ, რომ სრულიად შეუფერებელი საქციელი იქნება, თუკი ყველანი კვალს დავტოვებთ ბუნწიაღში. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ისე წავიდ-წამოვიდეთ, მინიმალური სახეცვლილება მიიღოს გარემომ. ჩვენ ხომ ხელუხლებელ ბუნებაში იმიტომ დავდივართ სალაშქროდ, რომ იგი სწორედაც ხელუხლებელია და ადამიანის კვალი იქ არ შეიმჩნევა? ამიტომ პატივი ვცეთ გარემოს და სხვა მოლაშქრეებს, რომლებიც მომავალში მოინახულებენ ამ ადგილებს. შევუნახოთ მათ ისეთი, როგორიც ჩვენ დაგვხვდა.

რა ვუყოთ ნაგავს ლაშქრობაში?

უპირველესად, მოემზადეთ ისე, რომ ნაგვის დაბინავებაზე საფიქრალი ალპურ ზონაში არ გაგიჩნდეთ. არსებობს სპეციალური ჩანთები ნაგვისთვის, რომელიც არც სუნს ატარებს და არც თევზის კონსერვის წუნწკლი ჩაგეღვრებათ ჩანთაში. ეს ჩანთები მრავალჯერადი გამოყენების არის და, შესაბამისად, გარემოს ზიანი ფაქტობრივად არ ადგება.

თუკი გაქვთ საკვების ნარჩენები, რომლებიც მალე იხრწნება, ნუ მიმოფანტავთ მათ. იდეალურია, თუ მცირე ზომის ორმოს ამოთხრით და იქ დამარხავთ. ოღონდ გაიღვალისწინეთ, სასმელი წყლის რესურსთან ახლოს არ უნდა ამოთხაროთ, რადგან წვიმამ და სხვა მიწისქვეშა წყლებმა შეიძლება ნარჩენების სასმელ წყალთან კონტაქტი გამოიწვიოს.

ცუდი აზრია პოლიეთილენის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვა, რადგან ისინი არსად არ ქრება. აუცილებელია ასეთი ნარჩენების უკან წამოღება და ნაგვისთვის გამოყოფილ ადგილას გადაყრა.

ჩემთვის კითხვის ნიშანია ისევ კონსერვის ქილების საკითხი. გამიგია, რომ კოცონზე გამოწვით და შემდეგ მიწაში დამარხვით ძალიან მალე ჟანგდება და ქრება. თუ თქვენ რამე სანდო ინფორმაცია გაქვთ, არ დაიშუროთ და გამიმხილეთ.

ჰიგიენა და “საქმე”

გარდა საკვები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, ჩვენი პირადი ჰიგიენაც შეიძლება საზიანო იყოს გარემოსთვის. მაგალითად, როდესაც დილით ხელ-პირის დასაბანად და კბილების გასაწმენდად მთის ანკარა მდინარესთან მივდივართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპნიანი ხელის და კბილის პასტის იმავე მდინარეში გადაძახება არ შეიძლება. უმჯობესია, თუ საპონს და კბილის პასტას წყლისა და ბანაკისგან 100-100 მეტრით დაშორებულ ადგილას მოვიშორებთ.

სანამ “საქმეზე” გადავალ, ბარემ ქალურ ამბებსაც გადავწვდეთ. ყველა რეკომენდაცია ერთსა და იმავეს ამბობს – არ შეიძლება საფენების არც დამარხვა და არც დაწვა. თან უნდა წამოიღოთ სხვა ნაგავთან ერთად. თურმე არსებობს რაღაც საშუალებები, რაც (იდეაში) უმარტივებს ქალებს სალაშქრო ყოფას. მაგალითად ეს.

და ბოლოს, “საქმე” ანუ როგორ მოვისაქმოთ ბუნწიაღში ისე, რომ სხვა მოლაშქრეები ან ცხოველები და გარემო არ დავაზიანოთ. მამაკაცებს ცოტა უფრო უმარტივდებათ ბუნწიაღში მოშარდვა, ქალებისთვის კი ყოფის გასამარტივებლად (???) აი ასეთი ინსრუმენტი მოუგონიათ. რაც შეეხება მთავარ “საქმეს”, რეკომენდაციები ასეთია, რომ ან სპეციალური პაკეტით უკან წამოვიღოთ, ან ისევ მცირე ორმოში დავფლათ სახელდახელოდ. უკან წამოღებისა არ ვიცი, მაგრამ დაფლვა გონივრული ალტერნატივა მგონია. ორივე “საქმის” შემთხვევაში წესი მარტივია, საპირფარეშო ბანაკიდან და წყლის რესურსიდან მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით უნდა მოვაწყოთ.

ეს სტატია მომზადებულია ჩემს ნააზრევზე, ჩემი მოლაშქრე მეგობრების გამოცდილებაზე და ორგანიზაცია Leave No Trace-ის პრინციპებზე დაყრდნობით.