Share

სანამ 6 თებერვალს საქართველოს რაგბის ნაკრები შინ გერმანიას მიიღებს, იქამდე 1 კვირით ადრე “დიდი 10”-ის მეცამეტე ტურით განახლდება სარაგბო სეზონი. სამ დღეზე გაწელილი ტური გეოგრაფიულადაც განაწილდა ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ – სამი თამაში თბილისშია, თითო კი ქუთაისსა და ფოთში. ფოტოგრაფებისთვის ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ნაკრების თამაშის გადაღებას ვინც აპირებს, ერთი კვირით ადრე კარგი “სავარჯიშო” იქნება დიდი 10-ის გადაღება, ყინვაში მუშაობის ცდა და აღჭურვილობის შემოწმება.

რას ველოდოთ

2015 წლის მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგებით ჩვენს ნაკრებს მომდევნო თასის საგზური უკვე ჯიბეში აქვს, ამიტომ ძნელი სათქმელია, თუ რა სანახაობას გვპირდება “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” (ყოფილი “ერთა თასი”). ამ გათამაშების მთავარი მოტივაცია ჩვენთვის ყოველთვის მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია იყო და ახლა ეგეც აღარ გვაქვს. სამაგიეროდ, იმ ყურადღებას და ქებას, რაც 2015 წლის თასზე დამსახურებულად მოვიპოვეთ, შენარჩუნება სჭირდება. გერმანიასთან ჩვენი არსენალის სრულად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა თამასა უკვე მაღალია და ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად დიდი კონკურენციის პირობებში ჩვენს “მეორე შემადგენლობასაც” აქვს სანახაობრივი რაგბის თამაშის შესაძლებლობა.

რაგბი რეგიონებში გადაიდო

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მიღება რაგბის კავშირს თბილისს გარეთ (სავარაუდოდ, ქუთაისში) სურდა, მაგრამ ამჯერად ვერ მოხერხდა და, ჩემი ვარაუდით, ავჭალაში ვითამაშებთ (“დიდი 10”-ის არც ერთი მატჩი ავჭალაში არ იმართება და მგონი ამ თამაშისთვის ინახავენ საფარს, თან გერმანიის წინააღმდეგ, თან ამ ამინდში, სხვა მოედანი არაგონივრული იქნება). იმედია, კავშირის სურვილი, რომ ნაკრების თამაში რეგიონებშიც გაიტანოს, ამ სეზონშივე გამოვა. კიდევ 2 თამაში გველის ესპანეთის და რუმინეთის წინააღმდეგ თებერვალსა და მარტში.

თქვენი არ ვიცი და მე უკვე კბილებს ვილესავ, მომენატრა რაგბიც, რაგბის გადაღებაც და სტადიონის ატმოსფეროც. ფოტოგრაფებს იმედია, მოედანთან გიხილავთ, გულშემატკივრებს კი ტრიბუნებზე.

დიდი 10-ის განრიგი | რაგბი ევროპის ჩემპიონატი