Share

ეს ჩვენი სახლია და მისი გაზომვა კვადრატულ მეტრებში აზრს მოკლებულია. ჩვენი სახლი სიგრძეში 100 ათასი სინათლის წელიწადია, ჭერის სიმაღლე კი ათასი სინათლის წელიწადი. ჩვენი სახლი სიდიდით მეორეა სამეზობლოში. ჩვენთან ერთად აქ 200-დან 400 მილიარდამდე სხვა საცხოვრებელია. გვემატებიან და გვაკლდებიან და ამ პროცესს ჩვენ ჩვენი ფანჯრებიდან მშვიდად ვაკვირდებით.

ირმის ნახტომი, ან რძიანი გზა, სპირალური გალაქტიკაა. მაგრამ, ერთი წამით დავფიქრდეთ – საიდან ვიცით? ჯერ არც ერთ ადამიანს ფეხი არ გაუდგამს ჩვენი გალაქტიკიდან, რომ შორიდან შეეხედა. არც ერთი საფრენი აპარატი არც კი მიახლოებია ჩვენი გალაქტიკის პერიფერიებს, რომ სურათი გადაეღო და გამოეგზავნა. სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ სხვა გალაქტიკებზე დაკვირვებით და შემდეგ ირმის ნახტომის ფრაგმენტებთან შედარებით (რაც დედამიწიდან ჩანს ღამის ცაზე) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი გალაქტიკაც სპირალურია.

ანდრომედას გალაქტიკა

მზის სისტემა ირმის ნახტომის ერთ-ერთ მცირე მკლავში მდებარეობს, რომელსაც ორიონის მკლავი ჰქვია. დედამიწიდან ღამის ცაზე ირმის ნახტომი ჩრდილოეთიდან სამხეთისკენ არის გადაჭიმული. გალაქტიკის ველის იმ ნაწილში, რასაც ჩვენ ვხედავთ, 30 თანავარსკვლავედია მოთავსებული. გალაქტიკის ცენტრი მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მხარესაა და ის ირმის ნახტომის ყველაზე კაშკაშა ნაწილია.

ირმის ნახტომის პანორამა. AAPOD

გალაქტიკის ველი კოსმიური მტვრისა და გაზისგან შედგება. იქ ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ასე რომ, ღამის ცაზე ჩვენ ვარსკვლავების დაბადებას და გაქრობას ვადებნებთ თვალს.