Share

ამ სურათის შთაგონების წყარო ჩემთვის ძალიან მაგარი ბლოგერი და ფოტოგრაფი ნასიმ მანსუროვი გახდა, რომელმაც შაბათს გამოაქვეყნა სურათი “მთვარის ამოსვლა ლურჯი მეჩეთის თავზე” და მაშინვე გამიჩნდა სურვილი მეც გადამეღო მსგავსი ფოტო თბილისის რომელიმე “სავიზიტო ბარათის” ფონზე. ლურჯი მეჩეთის დარი ნაგებობა კი სამების საკათედრო ტაძარი მივიჩნიე და გადაღების დაგეგმვა დავიწყე. 

ვიცოდი, რომ გადასაღებად ყველაზე მეტი 15 წუთიანი ფანჯარა მექნებოდა, ამიტომ სწორი დაგეგმვა წარმატების გარანტი იქნებოდა. საჭირო იყო გადაღების ადგილის და დროის შერჩევა. უფრო მარტივი, ცხადია, გადაღების დროის დადგენა იყო. მრავალი მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი არსებობს, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მთვარის/მზის ამოსვლა-ჩასვლის დროებს გიჩვენებს. ერთ-ერთი ასეთი საიტის გამოყენებით ვნახე, რომ 24 აპრილს 97.3%-იანი მთვარე 21:53-ზე ამოდიოდა. ისე დავგეგმე, რომ გადაღების ადგილას 10 წუთით ადრე მივსულიყავი იდეალური კომპოზიციის შესარჩევად.

გადაღების ადგილის შერჩევა უფრო რთული იყო. უნდა შემერჩია ისეთი ადგილი, საიდანაც

  • მთვარე სამების ტაძართან ახლოს ამოვიდოდა
  • იქნებოდა გაშლილი სივრცე, რომ ხედი რამეს არ დაეჩრდილა წინა პლანზე
  • და ჩემი ლინზით სასურველი კომპოზიცია მიმეღო, ანუ არც ძალიან შორს ვყოფილიყავი სამებიდან და არც ძალიან ახლოს.

ჩემი ყველაზე გრძელი ტელეფოტო ლინზა 200მმ-ია, რაც Full Frame სენსორზე არცთუ ისე ვიწრო კუთხეს მაძლევს, ამიტომ სამებიდან 2 კმ-ზე შორს არ უნდა წავსულიყავი. ასეთი ადგილის შესარჩევად გამოვიყენე უფასო საიტი/პროგრამა The Photographer’s Ephemeris, რომელიც ზედგამოჭრილია პეიზაჟების ფოტოგრაფიისთვის და განსაკუთრებით ასეთი გადაღებებისთვის. გადაღების ადგილად მისი გამოყენებით შევარჩიე ელბაქიძის (დ)აღმართი, საიდანაც ხელისგულზე მოსჩანს სამება. ფოტოაპარატი შტატივზე დავამაგრე ისეთ ადგილას, რომ მთვარე სამების ტაძრის მარცხნივ ამოსულიყო, ვიცოდი რა მთვარის ტრაექტორია, რომ ის ამოსვლის შემდეგ არა პირდაპირ ვერტიკალურად, არამედ დაახლოებით 45 გრადუსით იწყებს ამოსვლას.

სანიშნი - გადაღების ადგილი. ღია ლურჯი ზოლი - მთვარის ამოსვლის ადგილი
სანიშნი – გადაღების ადგილი. ღია ლურჯი ზოლი – მთვარის ამოსვლის ადგილი

მთვარის ამოსვლამდე 10 წუთით ადრე მივედი გადაღების ადგილას. ავაწყე აპარატი და სასურველი ექსპოზიციის და კომპოზიციის მისაღებად რამდენიმე სატესტო კადრი გადავიღე. ასეთი სურათი აქამდე არ გადამიღია, ამიტომ ცოტა ვღელავდი, რომ რამე არ შემშლოდა, რადგან გადასაღებად 15 წუთიანი ფანჯარა მქონდა და არასწორი გათვლის შემთხვევაში ვეღარ ვასწრებდი ალტერნატიული ადგილის მოძებნას და გადაღებას. მთვარემ თავი რომ ზუსტად იქ წამოყო, სადაც მინდოდა, მაგრად მომეშვა :)) დანარჩენი დროის თემა იყო.

 

7 Comments

  1. გამაოგნებელი ფოტო, აი ისეთი სულს რომ შეგიკრავს… მადლობა…

  2. უპირველესად, ძალიან მაგარი სურათია <3 შემდეგ ორმაგად სასიამოვნოა მისი ყურება, როდესაც იღებ, რამდენი რამ გააკეთა ფოტოგრაფმა მის გადასაღებად <3

  3. დიდებულია 🙂 დიდი მადლობა გადაღებისთვის და გაზიარებისთვის!

  4. Pingback: 97.3%-იანი მთვარის ამოსვლა სამების ფონზე. ცინცხალი ფოტო. » მოძრაობა KAR.GE