ფოტოგრაფიის მრავალ მიმდინარეობას შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩამთრევი, ვგონებ, მაკრო ფოტოგრაფიაა. ალბათ ყველა ფოტოგრაფს, გამოცდილს თუ დამწყებს, ჩემი ჩათვლით, გარკვეულ ეტაპზე უცდია მაკროს გადაღება. ამის მიუხედავად, მაკროს იარლიყიანი სურათების უმეტესობა სინამდვილეში არ არის მაკრო და კლასიფიცირდება, როგორც “close-up”, ანუ ახლო მანძილზე გადაღებული სურათი გარკვეული ბოკეს ეფექტით. აბა რა არის მაკრო?
რა არის მაკრო
მაკრო ფოტოგრაფია არის მცირე ზომის ობიექტების გადაღება უფრო დიდად, ვიდრე სინამდვილეში არიან.
იმისათვის, რომ გავიგოთ ზემოთ მოცემული განსაზღვრების შინაარსი, საჭიროა შემოვიტანოთ მაგნიფიკაციის ცნება. მაგნიფიკაცია, ან რეპროდუქციის კოეფიციენტი, არის ფარდობა ობიექტის რეალურ ზომაზა და სენსორზე მისი პროექციის ზომას შორის. დავუშვათ, რომ გადასაღები ობიექტი სიგრძეში არის 5 მილიმეტრი. მაშინ, თუკი ობიექტის პროექცია სენსორზეც 5 მილიმეტრის ზომისაა, მაგნიფიკაცია 1:1 შეადგენს. თუკი იგივე ობიექტი სენსორზე მხოლოდ 2.5 მილიმეტრს შეადგენს, მაშინ მაგნიფიკაცია 1:2 იქნება. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ობიექტი სურათზე უფრო პატარა იქნება, ვიდრე 1:1 მაგნიფიკაციის შემთხვევაში. ზოგადად, რაც უფრო მაღალია მაგნიფიკაცია (2:1, 4:1 ან 10:1 და ა.შ.), მით უფრო დიდი ჩანს ობიექტი სურათზე.
მაკრო ფოტოგრაფიისთვის აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მაგნიფიკაცია მინიმუმ 1:1 იყოს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მცირე ობიექტი გადავიღოთ და შემდეგ მოჭრით (კროპით) მისი ჩარჩოსთან ფარდობითი ზომის გაზრდას შევეცადოთ, მაკრო ფოტოგრაფიასთან მას კავშირი არ ექნება.
როგორ მივიღოთ მაღალი მაგნიფიკაცია
მაკრო ფოტოგრაფიისთვის გამოიყენება სპეციალური ლინზები. ნიკონი ასეთ ლინზებს უწოდებს Micro-ს, ხოლო ქენონი Macro-ს. სინამდვილეში ისინი ერთი და იგივე დანიშნულის ლინზებია და მწარმოებლები ამ გზით წარმატებულად ახერხებენ მომხმარებელთა დაბნევას. აღსანიშნავია, რომ მაგნიფიკაცია მხოლოდ ლინზის მახასიათებელია, თუმცა სენსორის ზომას მაკრო ფოტოგრაფიაში მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. სრულ-კადრიან სენსორებთან შედარებით კროპ-სენსორები იგივე ლინზის გამოყეებით უფრო ვიწყო კუთხეს იღებენ, შესაბამისად, მათ გარკვეული უპირატესობა აქვთ მაკრო ფოტოგრაფიაში.
ექსტრემალური მაკრო ფოტოგრაფია
გარდა სპეციალური ლინზებისა, არსებობს ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა სტანდარტული ლინზები ვაქციოთ ძალიან მაღალი მაგნიფიკაციის ლინზებად. ეს ხდება შებრუნებული ადაპტერის გამოყენებით, რომელიც ლინზას ფილტრის ადგილას ეხრახნება, მის უკანა მხარეს კი შესაბამისი ბაიონეტია, რომლითაც აპარატზე ვამაგრებთ. ამ შემთხვევაში ლინზის ქცევა იცვლება და თავდაყირა დგება – იგი ყველაზე მაღალ მაგნიფიკაციას აღწევს მოკლე ფოკუსურ მანძილზე, ხოლო დაბალ მაგნიფიკაციას – გრძელ ფოკუსურ მანძილზე. შებრუნებული ადაპტერის გამოყენებისთვის ზედგამოჭრილია სტანდარტული 18-55 მილიმეტრის ლინზები, ასე რომ, ნაადრევად ნუ შეელევით მათ! ამ პოსტში გამოყენებული სურათების უმეტესობა სწორედ ამ ლინზით და ტექნიკათაა გადაღებული.
ფოკუსი და ფოკუსის სიღრმე
მაკრო ფოტოგრაფიის ერთ-ერთი სირთულე ფოკუსია. გახსნილ დიაფრაგმაზე ფოკუსის სიღრმე იმდენად მცირეა, რომ, მაგალითად, ბუზის გადაღებისას მისი თვალები შეიძლება ფოკუსში იყოს, ხოლო ტანი ფოკუსს მიღმა. ამიტომ მაკრო სურათების უმეტესობა დახურული დიაფრაგმით არის გადაღებული (მაგალითად f/11). თუკი გადაღების ობიექტი საშუალებას იძლევა, შეიძლება გამოიყენოთ ფოკუსის დაჯგუფების ტექნიკა (focus stacking). ამ დროს საჭიროა სტატიკურ ობიექტს გადაუღოთ რამდენიმე სურათი, სადაც, პირველ სურათში ფოკუსი იქნება ობიექტის ერთ ბოლოში, შემდეგ სურათებში კი ფოკუსს წაანაცვლებთ ობიექტის ბოლოს მიმართულებით. შემდეგ პროგრამულად შესაძლებალია მათი დაჯგუფება და ფოკუსის სიღრმის გაზრდა.
გადაღების პარამეტრები
იმის გამო, რომ მარკო სურათების გადასაღებად დიაფრაგმის დახურვაა საჭირო, ექსპოზიციის დასაბალანსებლად რეკომენდირებულია დამატებითი განათების გამოყენება. ასევე, ძალიან ამარტივებსსაქმეს შტატივის, ან მონიპოდის გამოყენება. რაც შეეხება გადაღების პარამეტრებს, მე ვიღებ M რეჟიმით. ძალიან მეხმარება ავტომატური ISO-ს არჩევის ფუნქცია, რომელიც, არსებული განათების შესაბაისად ირჩევს ISO-ს მნიშვნელობას. გადაიღეთ RAW ფორმატში, რადგან 99% შემთხვევაში სურათები საჭიროებს დამუშავებას.
რა გადავიღოთ
მიკრო სამყარო ჩვენს ირგვლივაა, სახლში (მონეტები), ეზოში (ჭიანჭველები, ბუზები, კალიები სხვა სეზონური მწერები), ყვავილები და ა.შ. ცხადია, ცოცხალი მწერების გადაღებისთვის ნერვები და იღბალი დაგჭირდებათ, რადგან მათ პოზიორობა არ უყვართ და მიახლოებისთანავე გარბიან/მიფრინავენ. არსებობს სპეციალური ქიმიკატები, რომლითაც ხდება მწერების გაბრუება ანდა გაყინვა გადასაღებად, თუმცა მე მხარს არ ვუჭერ მიკროსამყაროს დახოცვას უბადრუკი (ან თუნდაც დიდებული) სურათების გადასაღებად. ასე რომ მიენდეთ იღბალს და 100 კადრიდან იქნებ 1 მაინც გამოვიდეს.
Pingback: ვოიაჟერები აბასთუმანში | ვერძეულის ბლოგი