თუ თქვენს “To-do” სიაში ღამის ფოტოგრაფია ზის და ჯერ გამოცდილება არ გაქვთ, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა. ღამის ფოტოგრაფია ტექნიკურად რთული და მომთხოვნი ჟანრია, ამავდროულად – ჩამთრევიც. მაგრამ თუ არასწორად მიუდგები საქმეს და თავიდანვე ცუდ გამოცდილებას დააგროვებ, შეიძლება ნაადრევად ჩაიქნიო ხელი. ბუნებრივიცაა, რამდენიმე ღამეს რომ გაიყინები ღია ცის ქვეშ და შედეგად ერთი ხარისხიანი კადრიც არ გექნება, თან შეიძლება გაცივდე და გამოუძინებელს სამსახურშიც/უნივერსიტეტშიც/სკოლაშიც დაგაგვიანდეს, რა გასაკვირია, რომ აღარ მოგინდეს კიდევ ერთხელ ცდა.
დაგეგმე
როგორც ამბობენ, failing to plan means planning to fail. პირველი სწორი ნაბიჯი არის გეგმის შემუშავება. მოიფიქრე, რისი გადაღება გინდა? ღამის ქალაქის, ვარსკვლავებიანი ცის, მთვარის თუ შორეული კოსმოსის ობიექტების? შემდეგ ამის მიხედვით აირჩიე გადასაღები ადგილი და დრო. თუ ქალაქს აირჩევ, იმავე დროს და ადგილას ვარსკვლავებს ვერ გადაიღებ. თუ სავსე მთვარეს იღებ, დაივიწყე ვარსკვლავები. თუ მთვარის გადაღებას აპირებ, წინასწარ შეამოწმე როდის და საიდან ამოდის/ჩადის და რა ზომისაა დღეს მთვარე. ამის ბევრი აპლიკაცია არსებობს სმარტფონებისთვის და ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია. საერთოდაც, ღამის გადაღებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ უფასო პროგრამა სტელარიუმი (www.stellarium.org).
რა აპარატურა დაგჭირდება გადასაღებად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გადაღებას აპირებ. პეიზაჟებისთვის და ღამის ქალაქისთვის ჩემი მთავარი სამუშაო ინსტრუმნტი ფართოკუთხიანი ობიექტივია (ანუ ფოკუსური მანძილით, მაგალითად 24mm). განათებული ქალაქის გადასაღებად მაღალი შუქმგრძნობელობის მქონე ლინზა (ანუ დიდი დიაფრაგმის მქონა – მაგალითად f/2.8) არ დაგჭირდებათ, მაგრამ ვარსკვლავებისთვის საქმე პირიქითაა. სასურველია სწრაფი ლინზა f/2.8 შუქძალით მაინც (მაგალითად Rokinon 14mm f/2.8).
შტატივზე და პულტით
ღამის ფოტოგრაფია პირდაპირ გულისხმობს გრძელი ექსპოზიციით გადაღებას (ანუ დაყოვნება 1, 5, 10 წამი და უფრო ხანგრძლივი), რა დროსაც უმნიშვნელო ვიბრაციაც კი სურათს გადღაბნის. საჭიროა კარგი, მყარი შტატივი, უმჯობესია ბურთულიანი თავაკით. ფოტოაპარატზე შეხება გადაღების დროს არ შეიძლება, ამიტომ გამოიყენეთ დისტანციური მართვის პულტი ან ტაიმერი. არ დაგავიწყდეთ ოპტიკური ვიზირის (ხედმაძიებლის, “viewfinder”-ის) დახურვა, რომ შუქი არ შეიპაროს და სურათი არ გააფუჭოს – თუ არ გაქვთ სპეციალური სახურავი, მაშინ გამოყენეთ ფანტაზია და მარჯვე ხელები (სტიკერები ან მუქი ფერის წებოვანი ლენტი). თუ თქვენს კამერას ელექტრონული ვიზირი აქვს, ეს საკითხი არ გეხებათ. თქმა არ უნდა, რომ გადაღებისას ფანრით არ უნდა ირბინოთ კამერასთან. თუ მაინც და მაინც, გამოიყენეთ წითელი ფერის განათება.
ჰიუსტონ, გადავდივართ ხელით მართვაზე
დაივიწყეთ ყველანაირი ავტო რეჟიმი – ავტოფოკუსი, ავტო ექსპოზიცია, ავტო ფერთა ბალანსი… ფოტოაპარატების ავტო რეჟიმები ასეთ ექსტრემალურ პირობებზე გათვლილი არ არის. ლინის ავტოფოკუსი გათიშეთ და ფოკუსი გაასწორეთ ხელით, “Live view” რეჟიმში (წაიკითხეთ ჩემი სტატია ღამით ფოკუსის გასწორების გზებზე). აუცილებლად გადაიღეთ RAW-ში. ექსპოზიციის რეჟიმი მომართეთ M-ზე და ექსპერიმენტის გზით მოძებნეთ სწორი ექსპოზიცია. ფერთა ბალანსიც გადართეთ ხელით სწორებაზე (“White Balance” მენიუს ქვეშ იპოვით ავტოს და სხვა სტანდარტული რეჟიმების გვერით) და აირჩიეთ ფერის ტემპერატურა 3,000-4,000 K დიაპაზონიდან.
გაითვალისწინეთ ამინდი… ან არა!
ვარსკვლავებიანი პეიზაჟის გადასაღებად უღრუბლო და უმთვარო ცა დაგჭირდებათ, თანაც განათებული ქალაქიდან მოშორებით. შეამოწმეთ ამინდი და მთვარის ფაზა წინასწარ. მაგრამ თუ უამინდობაა პროგნოზირებული, ფარხმალს ნუ დაყრით, ღამის ფოტოგრაფია არც იწყება და არც მთავრდება ვარსკხვლავების გადაღებით. მთვარიანი ან ღღუბლიანი პეიზაჟები არანაკლებია, აღარაფერს ვამბობ ელჭექიან ავდარზე.
მერფის კანონი
ანუ მზად იყავით სიურპრიზებისთვის. იქონიეთ სათადარიგო ელემენტი, მეორე პულტი, გამოსაცვლელი შარვალი, დამატებითი სენდვიჩი და კიდევ ლოცვანი, რომ ლოცვა მაინც გააძლიეროთ, თუ სხვა გაუთვალისწინებელი რამე მოხდა…
დაათვალიერეთ ღრმა კოსმოსის სურათები
You must log in to post a comment.